Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისის თვითმმართველობას მუშაობის საორგანიზაციო მხარის დახვეწას ურჩევენ


ქუთაისი
ქუთაისი

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობის შეფასებისას კრიტიკულია ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენელი, შენიშვნები აქვთ არასამთავრობო სექტორისა და მედიაორგანიზაციის წევრებსაც.

ქუთაისის საკრებულოს წევრი, ლეიბორისტული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი სამსონ გუგავა აცხადებს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ბიუჯეტის პრიორიტეტები არ შეცვლილა, სოციალური პროგრამებით კი ქალაქის მოსახლეობის ერთი და იგივე ნაწილი სარგებლობს და დანარჩენი მოსახლეობა ნიჰილისტურადაა განწყობილი, რის გამოც თვითმმართველობას არც კი მიმართავს და მისი საქმიანობით აღარ ინტერესდება. სამსონ გუგავა მოქალაქეებისთვის შემაფერხებელ ფაქტორად ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში მოქმედ საშვთა სისტემასაც მიიჩნევს.

გასულ კვირაში არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ადგილობრივი ანტიკორუფციული სისტემის შეფასების ანგარიშში ადგილობრივ თვითმმართველობას მუშაობის საორგანიზაციო მხარის დახვეწის რეკომენდაციით მიმართა. როგორც ორგანიზაციის რეგიონალური ოფისის კოორდინატორი ზურაბ ზამბახიძე განმარტავს, კვლევის მიხედვით შემუშავებული რეკომენდაციების მიზანია ადგილობრივ თვითმმართველობას საქმიანობის სრულყოფაში დაეხმაროს. მისივე თქმით, აუცილებელია ქუთაისის საკრებულომ დახვეწოს მუშაობის საორგანიზაციო მხარე, რათა დროულად მოხდეს ოქმების გამოქვეყნება და მოქალქეებისა და დაინტერესებული ადამიანების ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო.

ადგილობრივი ინტერნეტგამოცემა „ქუთაისიპოსტის“ ჟურნალისტი დეა მანაგაძე საქმიანობის გამჭვირვალობის ერთ-ერთ ინდიკატორად მერიიდან და საკრებულოდან საჯარო ინფორმაციის მიღებას ასახელებს. მისი თქმით, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას ის მუდამ მხოლოდ შუალედურ პასუხს იღებს დროულად და სრულყოფილად, თავად ინფორმაცია კი ხშირად დაგვიანებით ან არასრულყოფილად მიეწოდება.

დეა მანაგაძის განცხადებით, ადგილობრივ თვითმმართველობაში ელექტრონული მმართველობის შემოღების შემდეგ წერილების მიღება და რეგისტრაცია დროულად ვერ ხერხდება. ამ ვითარების გამოსასწორებლად, მისი აზრით, დასაქმებულთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლებაა საჭირო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG