Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიის ანგარიში: საქართველომ ყველა ამოცანა შეასრულა


გამოქვეყნდა ევროკომისიის მეოთხე და საბოლოო ანგარიში “სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის” საქართველოს მიერ შესრულების შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველომ სრულად შეასრულა პროცესის მეორე ფაზის ფარგლებში დასახული ამოცანები. კომისიის განცხადებით, ის „2016 წლის დასაწყისში“ მიმართავს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რეკომენდაციით საქართველოს მოქალაქეებს მიეცეს შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის საშუალება. როგორც ჩვენი ბრიუსელელი კორესპონდენტი იუწყება, თბილისის დროით 18 საათზე დანიშნულია პრესკონფერენცია, რომელზეც ევროკომისიის ლიდერები ისაუბრებენ ანგარიშის დეტალებზე. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ევროკავშირმა საქართველოს 2013 წელს წარუდგინა. გეგმა მოიცავდა დეტალურ მოთხოვნებს, რომლებიც ქვეყანას უნდა დაეკმაყოფილებინა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის მოსაპოვებლად. მოთხოვნები ეხებოდა დოკუმენტების უსაფრთხოებას, საზღვრის და მიგრაციის მართვას, მობილობას და თავშესაფარს, ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ადამიანის უფლებების და უმცირესობების დაცვას და სხვა. ევროპის კომისია სავარაუდოდ 2016 წლის დასაწყისში გამოვა ვიზების მოხსნის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც შემდეგ ევროპარლამენტი და ცალკეული წევრი ქვეყნები დაამტკიცებენ. საქართველო იმედოვნებს, რომ პროცესი 2016 წლის შუა პერიოდისთვის დასრულდება.

XS
SM
MD
LG