Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი მთავრობის ფორმირებამდე მოვალეობის შესრულებას განაგრძობს ამჟამინდელი შემადგენლობა


საქართველოს ახალი მთავრობის ფორმირებამდე მოვალეობის შესრულებას განაგრძობს მინისტრთა კაბინეტის ამჟამინდელი შემადგენლობა. მას მოვალეობის შესრულება 23 დეკემბერს, გვიან საღამოს დააკისრა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან. კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან 7 დღის ვადაში საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოს პრეზიდენტს უნდა წარუდგინოს პრემიერობის კანდიდატი. თავის მხრივ, პრეზიდენტსაც აქვს 7 დღიანი ვადა პარლამენტისთვის მთავრობის მეთაურის კანდიდატურის ოფიციალურად წარსადგენად. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ვარაუდით, ახალი მთავრობის ფორმირების და მისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი ახალ წლამდე დასრულდება. „ბევრ ქვეყანაში მოვალეობის შემსრულებელი მთავრობები ზოგჯერ თვეების განმავლობაში მართავენ ქვეყანას, ჩვენ შემთხვევაში კი მგონია, რომ ეს პროცესი გაგრძელდება ერთი კვირის განმავლობაში" - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა. მისი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე საპარლამენტო უმრავლესობა პარასკევს, 25 დეკემბერს იმსჯელებს.

XS
SM
MD
LG