Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი მთავრობაში დრამატულ ცვლილებებს არ გეგმავს


გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დასამტკიცებლად საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. პროცედურის თანახმად, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა ჯერ საპარლამენტო უმრავლესობამ დაასახელა, რაც პრეზიდენტმა გაიზიარა და დასამტკიცებლად ისევ პარლამენტს დაუბრუნა. გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა თბილისში, პარლამენტის შენობაში გამართულ უმრავლესობის დახურულ სხდომაზე შეირჩა. სხდომას პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატებსაც და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი ღარიბაშვილსაც მადლობა გადაუხადა გამოცხადებული ნდობისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა ამ თანამდებობაზე წარდგენა. გიორგი კვირიკაშვილისავე თქმით, სამთავრობო გუნდში შესაძლოა მცირე ცვლილებები განხორციელდეს:

„ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის წინაშე და მე ვეცდები მაქსიმალურად დავიხარჯო ამ პასუხისმგებლობის აღსრულებაში. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას, კიდევ ერთხელ შევიკრიბებით გუნდი და არ მგონია ძალიან მნიშვნელოვან და დრამატულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ. რამდენიმე ცვლილება, შესაძლებელია, იყოს“.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ ძალიან ღირსეული კანდიდატი შეარჩია და წარმატებები უსურვა გიორგი კვირიკაშვილს. თანამდებობიდან გადადგომის კონკრეტული მიზეზები დამატებით არ განუმარტავს, მაგრამ თქვა, რომ გარკვეული დროით დასვენებას აპირებს:

„ყოველთვის ვცდილობდი გამარჯვებული გავსულიყავი, სადაც ვმოღვაწეობდი და ვმუშაობდი. ასე რომ, ვფიქრობ, სწორი დრო შევარჩიე. მე ახლა ვაპირებ, რომ, უბრალოდ, დავისვენო. დანარჩენს გვაჩვენებს დრო“.

ირაკლი ღარიბაშვილმა არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, შეთანხმებული იყო თუ არა მისი გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის თაობაზე ბიძინა ივანიშვილთან. მოგვიანებით კი ყოფილი მოვალეობის შემსრულებელი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები ერთმანეთს სამების ტაძარში შეხვდნენ, სადაც პატრიარქის აღსაყდრების 38 წლის ღონისძიება აღინიშნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს უმრავლესობის მიერ დასახელებული კანდიდატურის წარსადგენად 7-დღიანი ვადა ჰქონდა, გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილი დასახელებიდან რამდენიმე საათში წარადგინა, რათა, მისი თქმით, რაიმე შეფერხება არ გამოეწვია:

„ამ ორი-სამი დღის განმავლობაში მე მხარი დავუჭირე როგორც პრემიერ-მინისტრის გადადგომას, ასევე ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენას. ახლა უკვე ჯერი საქართველოს პარლამენტზეა“.

თუ ხელისუფლება მოტივირებულია საზოგადოება დაარწმუნოს, რომ სამთავრობო ცვლილებებით ცდილობს ქვეყანაში სიტუაციის გაუმჯობესებას, მაშინ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძისთვის გაუგებარია, პარალელურად რატომ უჭერდა მხარს ხელისუფლება ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევას, მაშინ როცა, მისი თქმით, მურუსიძის სახელი დაკავშირებულია სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე გამოტანილ უკანონო გადაწყვეტილებასთან. თავად კვირიკაშვილის კანდიდატურას კი, რამაზ საყვარელიძის თქმით, რამდენიმე ძლიერი მხარე აქვს:

„კვირიკაშვილს აქვს ერთი დიდი პლუსი, რომ არავისთან დაპირისპირებული არ ყოფილა, ძალიან ფრთხილად მსჯელობს და არავის გაღიზიანებას არ ცდილობს, ტაქტიანია, კარგი პროფესიონალია ეკონომიკის საკითხებში, აგერ საგარეო პოლიტიკის საკითხებშიც ჩაიხედა ამ ბოლო ხანებში. კანდიდატურა უდავოდ პოზიტიურია, მთლიანი პოლიტიკა - გაუგებარი“.

მეეჭვება რაიმე კარდინალური ცვლილებები მოხდეს და ეს იგრძნოს ხალხმა და საზოგადოებამ...
ზურაბ აბაშიძე

გიორგი კვირიკაშვილს კარგ პროფესიონალად ახასიათებს ოპოზიციაც, თუმცა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მის დანიშვნას პირობითს უწოდებს, ბიძინა ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობის გათვალისწინებით. მსგავსი აზრი გამოთქვა „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემაც:

„მეეჭვება რაიმე კარდინალური ცვლილებები მოხდეს და ეს იგრძნოს ხალხმა და საზოგადოებამ“.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი კარლო გორდელაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში მიიჩნევს, რომ „შესაშური სისწრაფით“ დაიწყო საარჩევნო ციკლი. მისი აზრით, სრულიად არალოგიკური იყო ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება გადადგომის თაობაზე, გაცხადებული წარმატებების ფონზე, რამაც უფრო გაამყარა ეჭვი არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით. ეს კი, კარლო გორდელაძის თქმით, “ძირს უთხრის ორ მთავარ კონსტიტუციურ ღირებულებას - კანონის უზენაესობას და კარგი მმართველობის პრინციპს“.

რაც შეეხება ახალი მთავრობის ფორმირებას, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, გიორგი კვირიკაშვილმა ახალი შემადგენლობის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად ორი დღე ითხოვა. შესაბამისად, მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცება პარლამენტს, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში მოუწევს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG