Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა თელავში დაღუპული პოლიციელების ოჯახებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა თელავში დაღუპული პოლიციელების ოჯახებს. "დიდი ტკივილი მოგვაყენა ორი პოლიციელის გარდაცვალებამ. კაპიტანი გელა ლამაზოშვილი და ინსპექტორი მაია ჯავახიშვილი წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდნენ თავის ქვეყანას, იცავდნენ მოქალაქეების სიცოცხლეს და უსაფრთხოებას“ - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის სამძიმრის წერილში. საქართველოს შსს-ის ინფორმაციით, 30 დეკემბერს თელავში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს შენობის მოსაზღვრედ მცხოვრებმა 19 წლის მამაკაცმა სანადირო თოფიდან ესროლა სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების თანამშრომელს მაია ჯავახიშვილს და მის დასახმარებლად მისულ კაპიტანს გელა ლამაზოშვილს. მიღებული ჭრილობების შედეგად გელა ლამაზოშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ინსპექტორი მაია ჯავახიშვილი კი რამდენიმე საათის შემდეგ. განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პირის წინააღმდეგ გამოძიება გრძელდება. საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, რომელიც 30 დეკემბერს იმყოფებოდა თელავში, დანაშაულის მოტივად შურისძიება გამორიცხა და ჟურნალისტებს აცნობა, რომ ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს. პოლიციელების მკვლელობის გამო ქალაქ თელავში აღარ გაიმართება ღია ცის ქვეშ, 31 დეკემბერს ღამით დაგეგმილი საახალწლო კონცერტი. ეს გადაწყვეტილება მიიღო კახეთის რეგიონის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა.

XS
SM
MD
LG