Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ამზადებს ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ, რაკეტის გამოცდის გამო


შეერთებული შტატები ამზადებს ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ. მედიაში გავრცელებული ცნობებით, სანქციები მიმართული იქნება ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამასთან დაკავშირებული კომპანიებისა და ინდივიდების წინააღმდეგ. საინფორმაციო სააგენტო "რეიტერის" და გაზეთ "უოლ სტრიტ ჯორნალის" მონაცემებით, დაგეგმილი სანქციები შეეხება კომპანიებს და ინდივიდებს ირანში, ჰონ-კონგში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სავარაუდო როლის გამო, რომელიც მათ შეასრულეს ირანის ბალისტიკური რაკეტების განვითარების ხელშეწყობით. ამერიკელ ოფიციალურ პირებს ნათქვამი აქვთ, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო მას შემდეგ, რაც ირანმა და მსოფლიოს ექვსმა წამყვანმა ქვეყანამ წელს მიაღწიეს შეთანხმებას ბირთვულ პროგრამაზე, ინარჩუნებს უფლებას, შავ სიაში შეიყვანოს კომპანიები და პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობენ ირანის რაკეტების შექმნაში. თავის მხრივ, ირანის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბალისტიკური რაკეტების პროგრამა არ არღვევს გაეროს სანქციებს და ირანის უზენაესი ლიდერი ნებისმიერ ახალ სანქციებს მიიჩნევდა ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების დარღვევად. ახალ სანქციებზე საუბარი დაიწყო მას შემდეგ, რაც გაეროს წარმომადგენლებმა 15 დეკემბერს გამოაცხადეს, რომ საშუალო რადიუსში მოქმედი "ემადის" ტიპის რაკეტა, რომელიც ირანმა 10 ოქტომბერს გამოსცადა, იყო ბალისტიკური რაკეტა. მას შეუძლია ბირთვული ქობინის გადატანა, რის გამოც დარღვეულ იქნა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია.

XS
SM
MD
LG