Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთში სიკვდილით დასაჯეს შიიტი სასულიერო პირი ნიმრ ბაქრ ალ-ნიმრი


ირანმა მწვავედ გააკრიტიკა საუდის არაბეთის სუნიტური სამეფო დინასტია, რომელმაც შაბათს სიკვდილით დასაჯა შიიტი სასულიერო პირი ნიმრ ბაქრ ალ-ნიმრი. თეირანმა საუდის არაბეთის ხელისუფლებას ბრალი დასდო ტერორიზმის მხარდაჭერაში და განაცხადა, რომ ნიმრი ექსტრემიზმის წინააღმდეგ გამოდიოდა. ერაყში შიიტური გასამხედროებული ფორმირებების ხელმძღვანელმა ნიმრის სიკვდილით დასჯას „დანაშაული“ უწოდა. ლიბანში უზენაესი შიიტური ისლამური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა აბდელ ამირ კაბალანმა განაცხადა, რომ შეიხის სიკვდილით დასჯა ნიშნავს „გონების, ზომიერებისა და დიალოგის“ განადგურებას. იემენის ჰუთიტებმა ნიმრს „წმიდა მეომარი“ უწოდეს, მის სასამართლოს კი - ფარსი და ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევა. ბაჰრეინში პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა ნიმრის სიკვდილით დასჯის გასაპროტესტებლად მოწყობილი დემონსტრაციის წინააღმდეგ. სიკვდილით დასჯილის ძმამ, მოჰამედ ალ-ნიმრმა განაცხადა, რომ ოჯახი შეძრწუნებულია მომხდარით და იმედი გამოთქვა, რომ ამასთან დაკავშირებული ყველა აქცია მშვიდობიანი ხასიათის იქნება. ნიმრ ალ-ნიმრი საუდის არაბეთში ანტისამთავრობო აქციების სულის ჩამდგმელი იყო 2011 წლიდან. ის გამოდიოდა შიიტების შევიწროვების წინააღმდეგ, რომლებიც საუდის არაბეთში მოსახლეობის 15%-ს შეადგნენ. შეიხ ნიმრის გარდა საუდის არაბეთში სიკვდილით დასაჯეს მისი ნათესავი ალი ნიმრი და კიდევ ხუთი შიიტი. ასევე აღასრულეს 40 სასიკვდილო განაჩენი, მათ შორის სუნიტების მიმართაც. ყველას ტერორიზმსა და ძალადობისკენ მოწოდებაში ედებოდა ბრალი.

XS
SM
MD
LG