Accessibility links

logo-print

საუდის არაბეთი და ირანი არ არიან დაინტერესებული მათ შორის დაძაბულობის ესკალაციით


საუდის არაბეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები, ადელ ად-ჯუბეირი და ჯავად ზარიფი აცხადებენ, რომ მათი ქვეყნები არ არიან დაინტერესებული გამწვავდეს დაძაბულობა, რომელიც მოჰყვა შიიტი სასულიერო პირის, ნიმრ ალ-ნიმრის სიკვდილით დასჯას საუდის არაბეთში. როგორც ვენაში განაცხადა ავსტრიის საგარეო უწყების წარმომადგენელმა, მინისტრებმა ეს პოზიცია გამოხატეს 3 იანვარს თავიანთ ავსტრიელ კოლეგასთან, სებასტიან კოხთან სატელეფონო საუბრის დროს. ასევე 3 იანვარს ერაყელი შიიტების ლიდერმა, აიათოლა ალ სისტანიმ დაგმო ალ-ნიმრის სიკვდილით დასჯა. ბაჰრეინში მოხდა შეტაკება პოლიციელებსა და საუდის არაბეთში შიიტი მოძღვრის სიკვდილით დასჯით აღშფოთებულ დემონსტრანტებს შორის. ლიბანის გასამხედროებული შიიტური ორგანიზაციის, „ჰეზბოლაჰის“ ლიდერმა საიედ ჰასან ნასრალამ „დანაშაულებრივი და ტერორისტული“ უწოდა საუდის არაბეთის მთავრობას. დღესვე თეირანში რადიკალი შიიტი დემონსტრანტები შეიჭრნენ საუდის არაბეთის საელჩოში. საუდის არაბეთმა 2 იანვარს გამოაცხადა, რომ სიკვდილით იქნა დასჯილი 47 ადამიანი, მათ შორის შიიტი სასულიერო პირი, შეიხი ნიმრ ალ-ნიმრი და კიდევ სამი შიიტი დისიდენტი. ნიმრ ალ-ნიმრი ხელმძღვანელობდა საუდის არაბეთში შიიტი უმცირესობის საპროტესტო აქციებს, ვიდრე მას 2012 წელს დააპატიმრებდნენ. მას ტერორიზმის ბრალდებები წაუყენეს, რასაც ის უარყოფდა. საფრანგეთი, გერმანია და აშშ შეშფოთებას გამოთქვამენ ახლო აღმოსავლეთში რელიგიურ ჯგუფებს შორის კონფლიქტის საფრთხის გამო.

XS
SM
MD
LG