Accessibility links

საუდის არაბეთმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა


საუდის არაბეთმა გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა ირანთან მას შემდეგ, რაც თეირანში თავს დაესხნენ საუდის არაბეთის საელჩოს და საკონსულოს. თეირანში დემონსტრანტების ეს ძალადობა მოჰყვა საუდის არაბეთში ცნობილი შიიტი სასულიერო პირის სიკვდილით დასჯას. საუდის არაბეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ადელ ალ-ჯუბეირმა 3 იანვრის საღამოს გამოაცხადა დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შეახებ და 48 საათი მისცა ირანელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად. მეორე მხრივ ირანში საუდის არაბეთის ყველა დიპლომატს დაევალა სამშობლოში დაბრუნება სამეფოს საელჩოზე 3 იანვრის დილას მოწყობილი თავდასხმის შემდეგ. ამ ნაბიჯების ფონია თეირანის და რიადის სულ უფრო კონფრონტაციული განცხადებები: ირანის უზენაესი ლიდერი „ღმერთის შურისძიებით“ დაიმუქრა შიიტი მოძღვრის, ნიმრ ალ-ნიმრის სიკვდილით დასჯისათვის. ხოლო საუდის არაბეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რიადში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ირანის რეჟიმს აქვს „უცხოური დიპლომატიური მისიების დარღვევის ხანგრძლივი ისტორია“, მაგალითაც 1979 წელს შეერთებული შტატების საელჩოს ოკუპაცია. მინისტრმა ირანი ასევე დაადანაშაულა ტერორიზმის მხარდაჭერაში.

XS
SM
MD
LG