Accessibility links

logo-print

ვაზიანში გაიმართა ავღანეთში ქართული სამხედრო ასეულის გაცილების ცერემონია


ვაზიანში, მე-4 მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე, გაიმართა ავღანეთში ქართული სამხედრო ასეულის გაცილების ცერემონია. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეული ავღანეთში შეცვლის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მონაწილე "ალფა" ასეულს. მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის "ბრავო" ასეული ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში შვიდთვიან მისიას შეასრულებს სწრაფი რეაგირების ამოცანების გერმანული კონტინგენტის დაქვემდებარებაში. ავღანეთში გამგზავრებამდე „ბრავო“ ასეულის წევრები 13 კვირის განმავლობაში ემზადებოდნენ საქართველოში, 5 თვის განმავლობაში კი - გერმანიაში. დღეს მათი გაცილების ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. „მთავარია, ვემსახურებოდეთ ყველა ერთსა და იმავე მიზანს, ვიცავდეთ მშვიდობას, უსაფრთხოებას და უკეთეს მსოფლიოს ჩვენი შვილებისთვის” - განაცხადა გაცილების ცერემონიაზე გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა. მან სამხედროებს მადლობა გადაუხადა საქართველოს სამსახურისთვის და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

XS
SM
MD
LG