Accessibility links

ერაყი აპირებს ირანსა და საუდის არაბეთს შორის შუამავლობას


ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი, იბრაჰიმ ალ-ჯააფარი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა იშუამავლებს ირანსა და საუდის არაბეთს შორის დიპლომატიური კრიზისის მოსაგვარებლად. კრიზისი მოჰყვა საუდის არაბეთში შიიტი სასულიერო პირის სიკვდილით დასჯას, რის შემდეგაც ირანში საპროტესტო აქციები გაიმართა და დემონსტრანტები შეიჭრნენ თეირანში საუდის არაბეთის საელჩოში. ერაყელმა მინისტრმა შუამავლობის გეგმაზე ისაუბრა 6 იანვარს ირანელ კოლეგასთან, მოჰამად ჯავად ზარიფთან ერთად თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე. ზარიფის თქმით, საუდის არაბეთი რეგიონში დაძაბულობას აღვივებს მაშინ, როცა ირანი დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს. საუდის არაბეთმა თეირანში მის საელჩოზე თავდასხმის შემდეგ გაწყვიტა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა. მის მაგალითს მიბაძა რამდენიმე მოკავშირემაც. უმეტესწილად სუნიტური საუდის არაბეთი და შიიტური ირანი ერთმანეთის მეტოქეა ახლო აღმოსავლეთში გავლენისათვის ბრძოლაში. ეს ორი ქვეყანა მხარს უჭერს ერთმანეთთან დაპირისპირებულ ძალებს სირიასა და იემენში.

XS
SM
MD
LG