Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭომ მკაცრად დაგმო ჩრდილოეთი კორეის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდა


გაეროს უშიშროების საბჭომ თავის საგანგებო სხდომაზე მკაცრად დაგმო ბირთვული იარაღის გამოცდა, რომელიც, ფხენიანის განცხადებით, ჩაატარა ჩრდილოეთმა კორეამ. გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომაზე შეიკრიბა, რათა საპასუხო ზომებზე ემსჯელა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთმა კორეამ გამოაცხადა წყალბადის ბომბის „წარმატებული“ გამოცდის შესახებ. უშიშროების საბჭოს დახურული სხდომა შეერთებული შტატებისა და იაპონიის თხოვნით ჩატარდა. 15 წევრიანმა საბჭომ გამოცდა შეაფასა, როგორც საბჭოს რეზოლუციების ცხადი დარღვევა, და დასძინა, რომ შესაბამისად, რჩება „აშკარა საფრთხე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“. საბჭოს თანახმად, ის დაუყოვნებლივ იმუშავებს რეზოლუციაზე, რათა გაატაროს მკაცრი ზომები ჩრდილოეთი კორეის წინააღმდეგ, ითვალისწინებს რა დარღევის სიმძიმეს. თუ ცნობა დადასტურდა, ეს ნიშნავს, რომ ჩრდილოეთმა კორეამ მეოთხე ბირთვული გამოცდა მოაწყო. ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ ფხენიანის განცხადების სისწორეში. მათი განმარტებით, 6 იანვარს დაფიქსირებული მიწისძვრის სიმძლავრე წყალბადის ბომბზე უფრო სუსტი იარაღის გამოცდაზე მიანიშნებს. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ანალიზმა არ აჩვენა წყალბადის ბომბის წარმატებული გამოცდა. არაფერი მომხდარა, რაც ჩრდილოეთი კორეის ბირთვული შესაძლებლობების შესახებ ჩვენს შეფასებას შეეცვლიდა, განაცხადა თეთრ სახლის წარმომადგენელმა, ჯოშ ერნესტმა.

XS
SM
MD
LG