Accessibility links

logo-print

გიორგი კვირიკაშვილმა დავით ნარმანიას სთხოვა თბილისში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების გაკონტროლება


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას სთხოვა თბილისში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მაქსიმალურად სწრაფად დასასრულებლად ყველა მნიშვნელოვანი პროექტის მიმდინარეობის ტემპისა და ეფექტიანობის გაკონტროლება. მათი სამუშაო შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. პრემიერ-მინისტრის პრესამსახურის ინფორმაციით, გამოიკვეთა ძირითადი პრიორიტეტები, მათ შორის თბილისში ჰაერის დაბინძურების შემცირება, საცობებისგან ქალაქის განტვირთვა, მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკის განახლება, ავტომანქანებისთვის მრავალდონიანი სადგომების შექმნა და ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და თბილისის მერის, დავით ნარმანიას შეხვედრისას გადაწყდა, რომ ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად დედაქალაქის მერია აქტიურად იმუშავებს მუნიციპალური ავტოპარკის განახლებაზე, ხოლო არსებული პარკი საწყის ეტაპზე მოხმარდება იმ რაიონებს, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტის ნაკლებობაა. უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს ახალი ავტობაზის პროექტის განხორციელება. პრემიერის პრესამსახურის ცნობით, დაიწყება თბილისის შემოგარენში ტყის რეაბილიტაციის პროგრამაც. გიორგი კვირიკაშვილმა და დავით ნარმანიამ განიხილეს თბილისისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის აღმაშენებლის გამზირის მეორე ნაწილის და გუდიაშვილის მოედნის რეკონსტრუქცია და პუშკინის ქუჩის ესტაკადის და კრწანისი-შინდისის ახალი გზის მშენებლობა.

XS
SM
MD
LG