Accessibility links

logo-print

"არაბთა ლიგა" გმობს ირანს არაბთა საქმეებში ჩარევისათვის


"არაბთა ლიგაში" შემავალი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გმობენ ირანს, მათი განმარტებით, არაბთა საკითხებში ჩარევისათვის. კაიროში არაბთა ლიგის 10 იანვარს გამართულ შეხვედრაზე, მინისტრებმა შიიტურ ირანს ბრალად დასდეს საერთაშორისო ხელშეკრულებების დარღვევა, როცა, მათი შეფასებით, თეირანმა განზრახ არ დაიცვა საუდის არაბეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები. ლიბანი, რომლის მოსახლეობის დიდ ნაწილსაც შიიტები შეადგენენ, იყო ერთადერთი არაბული ქვეყანა, რომელმაც არ გაიზიარა არაბთა ლიგის სამიტზე გამოთქმული ეს შეფასებები. შეხვედრის ბოლოს მიღებულ განცხადებაში არ არის საუბარი ირანის წინააღმდეგ კონკრეტულ სადამსჯელო ზომებზე. საუდის არაბეთმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა მას შემდეგ, რაც თეირანში დემონსტრანტები შეიჭრნენ საუდის არაბეთის საელჩოში. დემონსტრანტები აპროტესტებდნენ 2 იანვარს საუდის არაბეთში შიიტი სასულიერო პირის სიკვდილით დასჯას.

XS
SM
MD
LG