Accessibility links

ბაღდადში 38 კაცი შეეწირა ექსტრემისტების მიერ მოწყობილ თავდასხმებს


38 კაცი შეეწირა ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მოიერიშეთა მიერ ბაღდადის რამდენიმე სავაჭრო ცენტრში ორშაბათს მოწყობილ თავდასხმებს. შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა, სულ ცოტა, 18 კაცი მოკლეს და 50 დაჭრეს ბაღდადის შიიტებით დასახლებულ რაიონში მდებარე სავაჭრო ცენტრში. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, 11 იანვარს თავდამსხმელებმა შენობის შესასვლელთან ააფეთქეს დანაღმული ავტომანქანა და შემდეგ სავაჭრო ცენტრში სროლა ატეხეს.იმავე დღეს კიდევ ერთი ტერაქტი მოხდა ბაღდადის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ხალხმრავალ ბაზარში, სადაც ხუთი კაცი დაიღუპა და 12 დაიჭრა. რამდენიმე მცირე მასშტაბის თავდასხმა ექსტრემისტებმა ბაღდადის გარეუბნებშიც მოაწყევს. ტერაქტების გამო ბაღდადში გამკაცრებულ იქნა უსაფრთხოების ზომები. უშიშროების დამატებითი ძალები აკონტროლებენ ე.წ. „მწვანე ზონა“, სადაც სამთავრობო უწყებები და დიპლომატიური მისიებია განლაგებული.

XS
SM
MD
LG