Accessibility links

logo-print

ექსპერტები ენერგეტიკის მინისტრს ხვდებიან „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ ინფორმაციის მისაღებად


კომპანია „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ოცამდე ექსპერტი ხვდება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს. ენერგეტიკის სამინისტროში მიმდინარე შეხვედრას ესწრებიან მინისტრის მოადგილეები და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი. კომპანია „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკების თაობაზე ინფორმაციის მისაღებად ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე დაიბარა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ." თბილისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მზად არის მონაწილეობა მიიღოს ღია საკომიტეტო განხილვაშიც, რომელსაც სურვილის შემთხვევაში დაესწრებიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და ექსპერტები. „თუ ეს შეთავაზებები იქნება უარყოფილი და კვლავ იქნება მცდელობა, რომ სახელმწიფომ არ გაასაჯაროვოს მოლაპარაკება, რომელიც უკვე აჩენს შეკითხვებს, როგორც რეგიონულ სტრატეგიულ პარტნიორებში, ისე საერთაშორისო არენაზე, "ნაციონალური მოძრაობა" მიმართავს ყველა საშუალებას, მათ შორის ქუჩის აქციებსაც, რომ შეაჩეროს ხელისუფლების უკეთური მცდელობები“ - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა. მისი თქმით, უკვე არსებობს ყველა წინაპირობა ხელისუფლების საწინააღმდეგო ძლიერი საპროტესტო ტალღისთვის.

XS
SM
MD
LG