Accessibility links

რუსეთმა შესაძლოა თავშესაფარი მისცეს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს


რუსეთმა შესაძლოა თავშესაფარი მისცეს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს, თუ მას ქვეყნის დატოვება მოუწევს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, განაცხადა 12 იანვარს გამოქვეყნებულ ინტერვიუში. "ნამდვილად უფრო რთული იყო აშშ-ის უშიშროების სააგენტოს ყოფილ კონტრაქტორ ედვარდ სნოუდენისთვის თავშესაფრის მიცემა, ვიდრე ეს ასადის შემთხვევაში იქნება“, თქვა პუტინმა გერმანულ ტაბლოიდ „ბილდთან“ საუბრისას. "პირველ რიგში სირიის მოსახლეობას უნდა მიეცეს შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობისა და ამის შემდეგ დავინახავთ, საჭირო იქნება თუ არა, რომ ასადმა ქვეყანა დატოვოს", თქვა რუსეთის პრეზიდენტმა. პუტინმა ისიც აღიარა ინტერვიუში, რომ ამ კონფლიქტში ასადმა ბევრი შეცდომა დაუშვა. მისი თქმით, კონფლიქტი არასოდეს გახდებოდა ასეთი მასშტაბური, ის სირიის საზღვრებს გარეთ რომ არ გასულიყო. პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის პოზიცია, რომ ის მხარს უჭერს ასადის რეჟიმს, როგორც დიდი ხნის მოკავშირეს. მისი თქმით, მხარდაჭერის კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ მას სურს თავიდან იქნეს აცილებული სირიაში „უმართავი არშემდგარი სახელმწიფოს ჩამოყალიბება“. „ჩვენ არ გვინდა, რომ სირიამ ერაყისა და ლიბიის გზა გაიაროს. შეხედეთ ეგვიპტის პრეზიდენტს, ქება ეკუთვნის იმისათვის, როგორ აიღო ხელში ძალაუფლება და გაუმკლავდა ქვეყანაში არასტაბილურ მდგომარეობას“, განაცხადა ვლადიმირ პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ რელიგიური კონფლიქტი შიიტებსა და სუნიტებს შორის, რომელიც გასულ კვირაში საუდის არაბეთსა და ირანს შორის გამწვავდა და რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთშია მოდებული, კიდევ უფრო ართულებს მშვიდობის მიღწევას სირიაში.

XS
SM
MD
LG