Accessibility links

logo-print

ობამამ უკანასკნელად მიმართა აშშ-ის კონგრესს ყოველწლიური მოხსენებით სახელმწიფოს მდგომარეობის შესახებ


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უკანასკნელად მიმართა აშშ-ის კონგრესს ყოველწლიური მოხსენებით სახელმწიფოს მდგომარეობის შესახებ. მან მაღალი შეფასება მისცა ამერიკის ეკონომიკასა და სამხედრო ძალას. ამავე დროს გამოვიდა გაფრთხილებით, რომ აშშ-მა არ შეიძლება „მსოფლიო პოლიციელის“ როლი ითამაშოს სახიფათო და ცვალებადი მსოფლიო წესრიგის პირობებში. ისევე, როგორც მისმა წინამორბედმა, ჯორჯ ბუშმა, მანაც მკაფიო, სასაუბრო ენა გამოიყენა ტერორიზმის წინააღმდეგ აშშ-ის ბრძოლის დასახასიათებლად. „თუკი ეჭვი გეპარებათ ვალდებულებებისადმი ამერიკის დამოკიდებულებაში, შეეკითხეთ ოსამა ბინ ლადენს. როცა ამერიკელებს დაესხმით თავს, ჩვენ თქვენ დაგეხსმით თავს. ამას შეიძლება დრო დასჭირდეს, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგი მეხსიერება გვაქვს და ყველგან მიგვიწვდება ხელი.“ თავის გამოსვლაში ობამამ ისაუბრა იმ საერთაშორისო გამოწვევებზე, რომლებითაც იყო აღბეჭდილი თანამდებობაზე მისი ყოფნის პერიოდი - კლიმატის ცვლილებაზე, ებოლის ეპიდემიაზე აფრიკაში და ახალ სავაჭრო შეთანხმებაზე აღმოსავლეთ აზიაში. ამავე დროს მან გაკვრით ისაუბრა ისეთ პრობლემებზე, როგორებიცაა რუსეთის მზარდი აგრესიულობა, უკრაინის კრიზისი, ერაყისა და ავღანეთის დასუსტება. „მე ვიცი, რომ ეს სახიფათო დროა. მაგრამ ამის მიზეზი არ არის ამერიკის ძალაუფლების კლება ან რომელიმე ზესახელმწიფოს გამოჩენა. დღევანდელ მსოფლიოში საფრთხეს გვიქმნის არა იმდენად ბოროტი იმპერიები, რამდენადაც შეუმდგარი სახელმწიფოები“, განაცხადა ობამამ კანონმდებლების, მინისტრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წინაშე გამოსვლისას და დასძინა: „ამერიკა ყოველთვის იმოქმედებს, საჭიროების შემთხვევაში მარტოც, რათა დაიცვას ჩვენი ხალხი და ჩვენი მოკავშირეები; მაგრამ გლობალურ საკითხებზე ჩვენ მსოფლიოს მობილიზებას გავუკეთებთ ჩვენთან თანამშრომლობისთვის და ვიზრუნებთ იმაზე, რომ სხვა ქვეყნებმაც ზიდონ თავიანთი წილი ტვირთი.“

XS
SM
MD
LG