Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერმა გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურა წარადგინა ვიცე-მერის თანამდებობაზე


თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ვიცე-მერის თანამდებობაზე წარადგინა გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურა, რომელიც საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. დავით ნარმანიას განცხადებით, განათლებით ეკონომისტი და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი გიორგი ლილუაშვილი 1999 წლიდან მუშაობდა ჯერ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემდეგ კი "ქართუ ჯგუფში." თბილისის მერის შეფასებით, გიორგი ლილუაშვილს საჯარო და კერძო სექტორში საქმიანობის საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვს საიმისოდ, რომ ვიცე-მერის თანამდებობაზე წარმატებით იმუშაოს. თავად გიორგი ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების მაქსიმალურად დაჩქარების გარდა, მომზადდება არაერთი ახალი და საინტერესო პროექტი. თბილისის საკრებულოსგან მხარდაჭერის მიღების შემდეგ, გიორგი ლილუაშვილი ვიცე-მერის თანამდებობაზე შეცვლის გიორგი სოლომონიას, რომელმაც პოსტი 12 იანვარს დატოვა და მუშაობას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განაგრძობს.

XS
SM
MD
LG