Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუდენტებმა სახელმწიფო დროშა აღმართეს ადმინისტრაციულ შენობებთან


საქართველოში აღინიშნება სახელმწიფო დროშის დღე. დილის 8 საათზე, მდინარე ენგურის ხიდთან, სოფელ რუხში მდებარე პოლიციის საგუშაგოსთან ზუგდიდელმა სტუდენტებმა აღმართეს საქართველოს სახელმწიფოს დროშა. მსგავსი ცერემონია გაიმართა ბათუმში, ახალციხეში, ყაზბეგში, ახმეტაში, ლაგოდეხში, შინდისსა და ბოლნისში, სადაც სტუდენტებმა სახელმწიფო დროშა აღმართეს ადმინისტრაციულ შენობებთან. აქციაში მონაწილე სტუდენტებს 15 საათზე პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლებს გიორგი მარგველაშვილი. მისი ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტი სტუდენტებს სიტყვით მიმართავს და ეროვნული სიმბოლიკის მნიშვნელობაზე ისაუბრებს. ადმინისტრაციის ცნობითვე, სპეციალურად ამ დღისათვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დამზადდა სახელმწიფო დროშის ორიგინალი, რომელსაც საპატიო ყარაული სიმბოლურად აღმართავს პრეზიდენტის სასახლეზე, შემდეგ კი დროშა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შეინახება საგანგებოდ გამოყოფილ ადგილზე. დღეს საღამოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება და გამოიფინება პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ წარმოდგენილი, შუა საუკუნეების საზღვაო რუკები, რომლებზეც საქართველო გამოსახულია ისტორიული, ხუთჯვრიანი დროშით. ახალი ხუთჯვრიანი დროშა, საქართველოს სახელმწიფო დროშად გამოცხადდა 2004 წლის 14 იანვარს, როცა ქვეყნის პარლამენტმა დაამტკიცა ორგანული კანონი საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ.

XS
SM
MD
LG