Accessibility links

logo-print

გიორგი კვირიკაშვილი: "საქართველოს მთავრობამ დაიწყო აქტიურად მუშაობა საგადასახადო ლიბერალიზაციის კუთხით"


„საქართველოს მთავრობამ დაიწყო აქტიურად მუშაობა საგადასახადო ლიბერალიზაციის კუთხით“ - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი ინფორმაციით, მთავრობა განიხილავს საქართველოში ესტონური მოდელის დამკვიდრების შესაძლებლობას, ანუ მოგების გადასახადის დაბეგვრას მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში. „მოგება, რომელიც შეიქმნება კომპანიებსა და ეკონომიკაში, დაიბეგრება მხოლოდ განაწილების დივიდენდად გაცემის შემთხვევაში, ხოლო თუ მოხდება მოგების რეინვესტირება, კომპანიები არ გადაიხდიან მოგების გადასახადს“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს ხელს შეუწყობს საინვესტიციო რესურსის და ადგილზე არსებული პოტენციალის მობილიზებას. გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, საგადასახადო ლიბერალიზაციის საკითხზე საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობასთან და კონსულტაციებს მართავს საპარლამენტო გუნდთან. პრემიერ-მინისტრის თქმით, შესაბამისი კანონპროექტი მთავრობას უახლოეს ხანში წარედგინება, შემდეგ კი განსახილველად გაეგზავნება საქართველოს პარლამენტს. „დარწმუნებული ვარ, ეს ის საკითხია, რომელსაც არა მხოლოდ უმრავლესობის წევრები დაუჭერენ მხარს“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG