Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავთობის ფასი ისევ დაეცა ბარელში 30 დოლარზე დაბლა


ნავთობის ფასი ამ კვირაში უკვე მეორედ ჩამოსცდა ბარელში 30 დოლარს, რის ერთ-ერთ მიზეზადაც მიჩნეულია ირანიდან ნავთობის ექსპორტის მალე განახლების პერსპექტივა. ირანი შეძლებს ექსპორტის განახლებას, თუ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო მივა დასკვნამდე, რომ თეირანმა შეასრულა შარშან ივლისში ხელმოწერილი შეთანხმებით განსაზღვრული მოთხოვნები, რომლებიც ითვალისწინებს ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას მის წინააღმდეგ მიმართული სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. როგორც იუწყებიან, ატომური ენერგეტიკის სააგენტომ შესაძლოა 15 იანვარს წარმოადგინოს თავისი დასკვნა. ნავთობის ჭარბი პროდუქციის შედეგად, ბოლო წელიწადნახევარში ის 70%-ზე მეტით გაიაფდა, რაც მძიმე დარტყმაა რუსეთისათვის და ნავთობისა და გაზის ექსპორტზე დამოკიდებული სხვა ქვეყნებისათვის. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა 15 იანვარს დაავალა მთავრობას იმის განსაზღვრა, თუ რომელი ხარჯების მნიშვნელოვნად შეკვეცა არის შესაძლებელი. მედვედევის განმარტებით, ბოლო კვირებში ნავთობის ფასის „დრამატული“ ცვლილება „უაღრესად სერიოზულ საფრთხეს“ უქმნის ბიუჯეტის შესრულებას.

XS
SM
MD
LG