Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავთობის ფასი ბარელზე 30 დოლარზე ნაკლებია


ნავთობის ფასი მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ დაეცა ერთ ბარელზე 30 დოლარზე ქვემოთ და გაუტოლდა 29 დოლარსა და 50 ცენტს იმ შეშფოთების ფონზე, რომ ირანმა, საერთაშორისო სანქციების მოხსნის შემდეგ, შესაძლოა უახლოეს ხანში განაახლოს ნავთობის ექსპორტი. ასეთ ფონზე რუსეთში გრძელდება რუბლის დაცემა. „მოსკოვის ბირჟაზე“ იზრდება ევროს კურსი, 2014 წლის დეკემბრის შემდეგ ის პირველად გადასცდა 85 რუბლს. დოლარმა მიაღწია 77,73 რუბლს. ამასთან, რუბლზე ზეწოლა აძლიერებს პესიმისტურ განწყობას ბაზარზე. მოსკოვის საფონდო ბირჟის მაჩვენებელი 6 პროცენტით შემცირდა. ნავთობის გლობალურმა სიჭარბემ ბოლო 18 თვის განმავლობაში მისი ფასი 70 პროცენტზე მეტით შეამცირა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია რუსეთზე და სხვა ქვეყნებზე, რომლებიც ნავთობის ექსპორტზე არიან დამოკიდებული. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დმიტრი მედვედევმა 15 იანვარს მთავრობას დაავალა გადაწყვიტოს რომელი ხარჯები შეიძლება მნიშვნელოვნად შეიკვეცოს. მისი თქმით, ნავთობის ფასის დრამატული დინამიკა ბიუჯეტის შესრულებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. რუსეთის 2016 წლის ბიუჯეტი დაფუძნებულია ერთ ბარელზე 50 დოლარის ფასზე.

XS
SM
MD
LG