Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი დასავლეთს სირიის ჰუმანიტარული კრიზისის პოლიტიზებაში ადანაშაულებს


რუსეთმა დასავლეთს ბრალი დასდო სირიაში ჰუმანიტარული კრიზისის პოლიტიზებაში, რაც, მისი შეფასებით, მოახლოებულ სამშვიდობო მოლაპარაკებას უთხრის ძირს. გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილემ, ვლადიმირ საფრონკოვმა წამოჭრა საკითხი, თუ რატომ მოიწვიეს 15 იანვარს ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და აშშ-მა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც მიეძღვნა მოსახლეობის შიმშილს და ტანჯვას მეამბოხეთა მიერ დაკავებულ ქალაქ მადაიაში, რომელსაც სირიის მთავრობის ძალები უტევენ და რატომ არ გაამახვილეს ყურადღება იმ ქალაქების მცხოვრებთა სირთულეებზე, რომლებსაც მეამბოხეები უტევენ. საფრონკოვმა ამას „ორმაგი სტანდარტი“ უწოდა და განაცხადა, რომ ამგვარი დამოკიდებულება ძირს უთხრის 25 იანვარს დანიშნულ სამშვიდობო მოლაპარაკებას. გაეროს გენერალურ მდივანს, ბან კი-მუნს ნათქვამი აქვს, რომ როგორც მთავრობა, ისე მეამბოხეები სჩადიან ომის დანაშაულებს, სამოქალაქო მოსახლეობისთვის შიმშილის მიზანმიმართული გამოწვევით - თუმცა ანგარიშების დიდი ნაწილი მიეძღვნა მადაიას, სადაც მიმდინარე კვირაში გაერომ დახმარება ჩაიტანა. ბრიტანეთის ელჩის მოადგილემ, პიტერ უილსონმა განაცხადა, რომ ბლოკადა ყველა მხარემ უნდა მოხსნას, თუმცა დასძინა, რომ სირიელთა დაცვის პასუხისმგებლობა უწინარესად მთავრობას ეკისრება.

XS
SM
MD
LG