Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა გაათავისუფლა „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტი


ირანის ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ წერს, რომ თეირანმა, პატიმართა გაცვლის ოპერაციის ფარგლებში, გაათავისუფლა „ვაშინგტონ პოსტის“ რეპორტიორი, ჯეისონ რეზაიანი და კიდევ სამი პირი, რომლებიც ორმაგ მოქალაქეობას ფლობენ. რეზაიანი თეირანში გამოცემის ბიუროს ხელმძღვანელობდა. ის წელიწადზე მეტხანს იყო ციხეში ჯაშუშობის ბრალდებით. თავად პატიმარი და „ვაშინგტონ პოსტი“ მუდმივად უარყოფდნენ ბრალდებას და აცხადებდნენ, რომ რეზაიანი ფართო პოლიტიკურ თამაშში გამოსაყენებლად იქნა დაპატიმრებული. ასევე გათავისუფლდნენ პასტორი საიდ აბედინი, ირანელი ამერიკელი, რომელმაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრის ბრალდებით ციხეში სამი წელი დაჰყო და აშშ-ის საზღვაო ძალების ყოფილი წევრი, ამირ ჰეკმათი, რომელსაც 10 წლით ჰქონდა მისჯილი თავისუფლების აღკვეთა, მტრულად განწყობილ მთავრობებთან თანამშრომლობის ბრალდებით. მეოთხე გათავისუფლებული პირის სახელს სააგენტო არ აკონკრეტებს. ირანულ საინფორმაციო სააგენტოებს მოაქვთ პროკურორ აბას ჯაფარი დოვლატაბადის სიტყვები, რომ პატიმართა გათავისუფლება ირანის „ეროვნული ინტერესი“ იყო. ოფიციალური სააგენტო „ირნა“ ავრცელებს პროკურორის სიტყვებს, რომ აშშ გაათავისუფლებს ირანის შვიდ მოქალაქეს, რომლებიც ამჟამად ციხეში იმყოფებიან, პატიმართა გაცვლის ოპერაციის ფარგლებში. აშშ-ის ოფიციალურ პირებს ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებიათ. განცხადების ფონია მოლოდინი, რომ 16 იანვარს ამოქმედდება ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის მიღწეული შეთანხმება და მოიხსნება ირანისთვის დაწესებული სანქციები. შეთანხმება ამოქმედდება მას შემდეგ, რაც გაეროს ბირთვული სააგენტო დაადასტურებს, რომ თეირანმა შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რომლებიც ითვალისწინებს ბირთვული პროგრამის შეზღუდვას.

XS
SM
MD
LG