Accessibility links

logo-print

ირანი და ევროკავშირი აცხადებენ, რომ ბირთვული შეთანხმება ამოქმედდა


ირანი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ თეირანმა შეასრულა ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და ახლა უკვე შეიძლება ირანს მოეხსნას საერთაშორისო სანქციები. შეთანხმების მიღწევის შესახებ 16 იანვარს ვენაში, ერთობლივ პრეს-კონფერენციაზეგამოაცხადეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა და ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ფედერიკა მოგერინიმ. ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ: „ეს მიღწევა მკაფიოდ აჩვენებს, რომ პოლიტიკური ნებით, მიზანსწრაფულობით და მრავალმხრივი დიპლომატიით შეგვიძლია გადავჭრათ ყველაზე რთული საკითხები და მოვნახოთ პრაქტიკული გადაწყვეტები, რომლებიც ეფექტიანად ამოქმედდება.“ შეთანხმებას მხარს უჭერს აშშ, რომლის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ ასევე მიიღო მონაწილეობა ვენაში 16 იანვარს გამართულ შეხვედრებზე, თუმცა პრეს-კონფერენციაზე არ გამოსულა. ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ გასცა ბრძანება, რომლითაც უქმდება აშშ-ის სანქციები არაამერიკელთათვის, რომლებიც ირანის ცენტრალურ ბანკთან და ირანის ეროვნულ ნავთობის კომპანიასთან აწარმოებენ საქმიანობას. მოელიან, რომ ევროკავშირი სწრაფად განახორციელებს სანქციების მოხსნის პროცედურას. საამისოდ საჭიროა ევროპის საბჭოს ოფიციალური გადაწყვეტილება, რომელიც თავს მოუყრის 28 წევრი ქვეყნის ლიდერებს და რომელიც ევროკავშირის ოფიციალურ გამოცემაში გამოქვეყნდება. საერთო ჯამში, ირანისთვის მოხსნილი საერთაშორისო სანქციები, როგორც მოელიან, 100 მილიარდ დოლარს გაუტოლდება.

XS
SM
MD
LG