Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: პროკურორის სავარაუდო მკვლელმა თავი მოიკლა


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა საგანგებო განცხადება, რომლის თანახმად სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორი, ვახტანგ ქირია სავარაუდოდ მოკლა ბიძინა კუჭავამ, რომელმაც შემდეგ თავი მოიკლა. განცხადების თანახმად, ქირია 13 იანვარს სახლიდან გავიდა და მასთან დაკავშირება რამდენიმე დღის განმავლობაში ვეღარ ხერხდებოდა. გამომძიებლებმა რუსთავში იპოვეს კვალის ასარევად გადაგდებული ქირიას ტელეფონი, მისი გვამი კი თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ერთ-ერთ ბინაში იქნა აღმოჩენილი. „დადგინდა, რომ ბინა, რომელშიც ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოჩნდა, ნაქირავები ჰქონდა 1962 წელს დაბადებულ ბიძინა კუჭავას და იქ არსებული დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ნივთებიც შეძენილი იყო მის მიერვე ე.წ. ელიავას ბაზრობაზე რამდენიმე დღით ადრე“ - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელშიც შემდეგ ნათქვამია, რომ კუჭავაზე გამოცხადებული ძებნის ფარგლებში მისი ავტომანქანა თბილისში პოლიციამ გააჩერა. შსს-ის თანახმად, კუჭავამ პოლიციელების დანახვისთანავე მისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა. შსს-ის ვერსიით, გამოძიებისას გამოიკვეთა, რომ „ვახტანგ ქირიასა და ბიძინა კუჭავას აკავშირებდათ ნათესაური და საკმაოდ ახლო კავშირი და ჩადენილი დანაშაული შეხებაში არ არის ვახტანგ ქირიას სამსახურებრივ საქმიანობასთან“. საქმის გამოძიება გრძელდება.

XS
SM
MD
LG