Accessibility links

logo-print

საპატიმროდან გათავისუფლებულმა ამერიკელებმა დატოვეს თეირანი


ირანული წარმოშობის სამმა ამერიკელმა, რომლებიც პატიმართა გაცვლის ოპერაციის ფარგლებში გაათავისუფლეს ირანის ციხეებიდან, უკვე დატოვა თეირანი. ამ ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის მაღალჩინოსანი, რომლის სახელს არ აკონკრეტებენ. მისი თქმით, ირანიდან გაფრენილ შვეიცარიის თვითმფრინავში იმყოფებოდნენ „ვაშინგტონ პოსტის“ თეირანის ბიუროს ხელმძღვანელი, ჯეისონ რეზაიანი, აიდაჰოელი პასტორი საიდ აბედინი და აშშ-ის საზღვაო ძალების ყოფილი წევრი, მიჩიგანელი ამირ ჰეჯმათი. კიდევ ერთი პირი, რომელიც იგივე ოპერაციის ფარგლებში გათავისუფლდა, თვითმფრინავში არ ყოფილა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თეირანი ოთხმა ამერიკელმა დატოვა. „ვაშინგტონ პოსტი“ ადასტურებს, რომ რეზაიანმა „უსაფრთხოდ დატოვა“ ირანი ცოლთან, იეგანე სალეჰისთან ერთად. რეზაიანმა წელიწადზე მეტი დაჰყო ირანის ციხეში ჯაშუშობის ბრალდებით, რომელსაც თავად უარყოფდა. „მოხარული ვართ, რომ ჯეისონის და მისი ოჯახის 545 დღიანი კოშმარი როგორც იქნა დასრულდაო“, ამბობს გაზეთის გამომცემელი, ფრედ რაიანი, გავრცელებულ განცხადებაში. მეხუთე პატიმარი, ამერიკელი სტუდენტი მეთიუ ტრევთიკი, ცალკე გაათავისუფლეს. ხუთი ამერიკელის გათავისუფლების შესახებ ირანმა გამოაცხადა 16 იანვარს - იმ დღეს, როცა ირანს ამავდროულად მოეხსნა საერთაშორისო სანქციები. პატიმართა გაცვლის შეთანხმების ფარგლებში აშშ-მა 16 იანვარს შეიწყალა შვიდი ირანელი, რომელთაგან ექვსი ორმაგ, ირანისა და აშშ-ის მოქალაქეობას ფლობს.

XS
SM
MD
LG