Accessibility links

logo-print

პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოც ახსენა ნატოს ღია კარის პოლიტიკაზე საუბრისას


პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას აზრით, ნატომ ვარშავის სამიტზე უნდა გააგზავნოს მკაფიო სიგნალი, რომ მისი კარი ღიაა. დუდა ამ მოწოდებით გამოვიდა 18 იანვარს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ვიზიტის დროს. ვარშავა წელს ივლისში უმასპინძლებს ნატოს სამიტს. ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში, ანჯეი დუდამ საქართველოც ახსენა. „სამიტს რაც შეეხება, ვფიქრობ აგრეთვე, საჭიროა მკაფიო სიგნალის გაგზავნა, რომ ნატოს კარი ღია რჩება. საჭიროა ასევე განხილულ იქნეს სამიტში ჩვენი პარტნიორების მონაწილეობა - იმ ქვეყნების, რომლებიც დღეს მჭიდროდ თანამშრომლობენ ნატოსთან და რომლებიც, ვიმედოვნებ, რომ მომავალში იქნებიან ნატოს წევრები. პირველ რიგში ვგულისხმობ შვედეთს, ფინეთსა და ავსტრალიას. უნდა დავამატოთ ქვეყნები, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ ნატოსთან - იორდანია და საქართველო. მაგრამ სამიტისა და უსაფრთხოების არქიტექტურის კონტექსტში ასევე არ უნდა დავივიწყოთ მოლდავეთი და უკრაინა“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. მანვე ნატოს მოუწოდა აღმოსავლეთ ევროპაში მნიშვნელოვანი რაოდენობის სამხედროებისა და სამხედრო აღჭურვილობის განთავსებისაკენ აგრესიულად მოქმედი რუსეთისაგან პოლონეთისა და, მთლიანად, რეგიონის დასაცავად. დუდას არ დაუკონკრეტებია, რამდენი სამხედრო მოსამსახურისა და რა მოცულობის სამხედრო აღჭურვილობის განთავსებას მოელის. მაგრამ, მისივე თქმით, ორივე საკმარისი უნდა იღოს ნატოს აღმოსავლეთი ფლანგის უშიშროების უზრუნველსაყოფად. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ პოლონეთი არ დარჩება იმედგაცრუებული სამიტის შედეგებით.

XS
SM
MD
LG