Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია რიგაში შეხვდა ლატვიის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს


საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, რიგაში შეხვდა ლატვიის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ლაიმდოტა სტრაუიუმას. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლატვიის მთავრობის ხელმძღვანელმა საქართველოს მიულოცა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის დადებითი დასკვნის მიღება. ლაიმდოტა სტრაუიუმას განცხადებით, მოხარულია, რომ საქართველოს მოქალაქეები მიმდინარე წელს შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრისას ლატვიის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობის მიუხედავად, არსებობს სფეროები, სადაც შესაძლებელია თანამშრომლობის გააქტიურება, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და განათლების მიმართულებით. თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში საქართველოს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის სწორედ ლატვიას, რომლის პოლიტიკური ლიდერები და დარგობრივი უწყებების წარმომადგენლები ქართულ მხარეს აძლევდნენ და ახლაც აძლევენ მნიშვნელოვან რჩევებს. „ლატვია ევროკავშირის ერთ-ერთი აქტიური ქვეყანაა, რომელიც თვლის, რომ საქართველომ სავიზო ლიბერალიზაციის შეთანხმება უნდა მიიღოს რაც შეიძლება მალე და ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული არაფერ სხვაზე, გარდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობისა“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

XS
SM
MD
LG