Accessibility links

logo-print

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გაემგზავრა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაემგზავრა დავოსში, სადაც მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 46-ე სესიაში. გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვა სხდომაზე, რომლის თემაა: „ევრაზია და ახალი აბრეშუმის გზა“ და მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში, რომელზეც მომავალი წლის ეკონომიკური პრიორიტეტები განისაზღვრება. დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება რამდენიმე კომპანიის, მათ შორის BP-ს,Tata Sons-ის და Lazard-ის ხელმძღვანელებს, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის პრეზიდენტებს, ყაზახეთისა და ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრებს და შვეიცარიის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს. გიორგი კვირიკაშვილი დავოსში ასევე შეხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ვიქტორია ნულანდს და დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ტონი ბლერს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანმხლებ დელეგაციაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე და თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი. საქართველოს დელეგაცია შვეიცარიას 22 იანვარს დატოვებს.

XS
SM
MD
LG