Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთის შეხვედრაზე მიესალმნენ სამხრეთ კავკასიაში ეუთოს ახალ საგანგებო წარმომადგენელს


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში გაიმართა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების რიგით 62-ე შეხვედრა. პროცესის თანაორგანიზატორის, ეუთოს განცხადებით, შეხვედრაზე მიესალმნენ ამ ორგანიზაციის ახალ წარმომადგენელს, შვეიცარელ დიპლომატ გიუნტერ ბეხლერს, რომელიც 2016 წლის 1 იანვრიდან დაინიშნა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საგანგებო წარმომადგენლად. ერგნეთის შეხვედრის შემდეგ ეუთომ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ შეხვედრაზე დადებითად შეაფასეს ვითარება ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ. ხოლო რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, შეხვედრის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს სოფელ ქერეს მკვიდრი, 23 წლის ლევან ლაფაჩი, რომელიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2 დღის წინ დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით. იუწყებიან აგრეთვე, რომ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კვლავ მოითხოვა ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის შარშან დაკავებული ორი მოქალაქის გათავისუფლება. ერგნეთის შემდეგი შეხვედრა 24 თებერვალს გაიმართება.

XS
SM
MD
LG