Accessibility links

logo-print

საქართველოში H1N1 ვირუსით გარდაიცვალა კიდევ ერთი ადამიანი


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში H1N1 ვირუსით გარდაიცვალა ქალი, რომელიც აფხაზეთის მკვიდრი იყო. ექიმებმა ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარეს, თუმცა ქრონიკული დაავადების ფონზე მკურნალობა დაგვიანებული აღმოჩნდა. წლის დასაწყისიდან H1N1 ვირუსით საქართველოში სამი ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, ლეტალური შედეგის თვალსაზრისით, ვირუსი საშიშია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საქართველოში გამოვლენილია გრიპის ვირუსით ინფიცირების 8 ათასზე მეტი შემთხვევა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, დღეს არსებული მაჩვენებლის მიხედვით, ვითარება ეპიდემიის ზღვართან ახლოს არ არის. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განკარგულებით, მუშაობის საგანგებო რეჟიმი ამოქმედდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს ხანში გამოაქვეყნებს ჩამონათვალს იმ სამედიცინო დაწესებულებებისა, რომლებიც გრიპის ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებს 24-საათიანი რეჟიმით მოემსახურებიან.

XS
SM
MD
LG