Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის გამოძიება: ლიტვინენკოს მკვლელობა სავარაუდოდ პუტინის ნებართვით მოხდა


ბრიტანეთის გამოძიებამ დაასკვნა, რომ რუსეთის მთავრობა იდგა 2006 წელს, რუსეთის ყოფილი ჯაშუშის, ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობის უკან და ეს მკვლელობა „სავარაუდოდ ნებადართული იყო“ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხრიდან. ბრიტანელი მოსამართლის, რობერტ ოუენის დასკვნის თანახმად, „დიდი ალბათობით“ ლიტვინენკო მოკლეს რუსეთის მოქალაქეებმა, დმიტრი კოვტუნმა და ანდრეი ლუგოვოიმ, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დავალებით. ოუენის თქმით, პუტინსა და ლიტვინენკოს შორის არსებობდა პირადი დაპირისპირება და პუტინის ადმინისტრაციის წევრებს ლიტვინენკოს მოკვლისთვის მოტივი ჰქონდათ. კრემლი ყოველთვის უარყოფდა კავშირს ლიტვინენკოს სიკვდილთან. ლიტვინენკომ, რომელიც ხმამაღლა აკრიტიკებდა პუტინს, რუსეთი დატოვა მის მკვლელობამდე ექვსი წლით ადრე. ის მას შემდეგ დაიღუპა, რაც ლონდონის სასტუმროში დალია რადიოაქტიური ნივთიერებით, პოლონიუმით მოწამლული ჩაი. რუსეთმა რამდენჯერმე უარყო ბრიტანეთის თხოვნა ლუგოვოის და კოვტუნის ექსტრადიციის შესახებ. ოუენის განცხადებიდან რამდენიმე წუთში რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ, „ინტერფაქსმა“ გაავრცელა ლუგოვოის სიტყვები, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები „აბსურდია“. ოუენის დასკვნის გავრცელების შემდეგაც რუსეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ არ აპირებენ ლუგოვოის და კოვტუნის ექსტრადიციას ან მათ სამართლებრივ დევნას.

XS
SM
MD
LG