Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს დელეგაცია დღეს დაასრულებს დავოსში ვიზიტს


დავოსში ვიზიტს დღეს დაასრულებს საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში 21 იანვარს, საღამოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე შეხვდნენ ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა იმსჯელესჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პროცესზე და უკვე მიღწეული პროგრესი შეაფასეს. იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ნატოს სტანდარტებთან დაახლოების გზაზე. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობითვე, გიორგი კვირიკაშვილმა იენს სტოლტენბერგს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ჰქონდა შესანიშნავი შეხვედრა. იენს სტოლტენბერგის თქმით, საუბარი იყო ნატოს მომავალ, ვარშავის სამიტზე და თებერვალში, ალიანსის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, რომლის ფარგლებშიც ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც გაიმართება. დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 21 იანვარს შეხვდა აზერბაიჯანის და შვეიცარიის პრეზიდენტებს ილჰამ ალიევს და იოჰან შნაიდერ-ამანს, ევროპის საინვესტიციო ბანკის და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის ხელმძღვანელებს და სიტყვით გამოვიდა სესიაზე, სახელწოდებით, „ევრაზია და თანამედროვე აბრეშუმის გზა.“

XS
SM
MD
LG