Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში უნივერსიტეტზე თავდამსხმელი ჯგუფი სასწავლებლებზე იერიშებით იმუქრება


თალიბანს გამოყოფილი დაჯგუფება, რომელმაც 20 იანვარს სისხლიანი იერიში მიიტანა პაკისტანის ერთ-ერთ უნივერსიტეტზე, იმუქრება, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გააგრძელებს სასწავლებლებზე თავდასხმას. ვიდეოგანცხადებაში, რომელიც 22 იანვარს გავრცელდა, თეჰრიკ-ე-თალიბანისგან გამოყოფილი ჯგუფის ლიდერი, ხალიფა უმარ მანსური ამბობს, სკოლები იმიტომ იქნება სამიზნე, რომ იქ ზრდიან ალაჰის კანონებში ეჭვის შემტან ხალხსო. ჩარსადას პროვინციაში, ბაჩა ხანის უნივერსიტეტზე განხორციელებულ თავდასხმას ემსხვერპლა 21 ადამიანი. მანსურის ჯგუფმა ასევე პასუხისმგებლობა იკისრა 2014 წელს ფეშავარის სკოლაზე მიტანილ იერიშზე, რომელსაც ემსხვერპლა 150 ადამიანი, ძირითადად ბავშვები. პაკისტანის ისტორიაში ეს ყველაზე სისხლიანი თავდასხმა იყო ექსტრემისტების მხრიდან. 2014 წლის შემდეგ პაკისტანში მასწავლებლებს ნება დართეს სამუშაოზე იარაღი ჰქონდეთ თან. ვრცელდება ცნობები, რომ ერთ-ერთმა მასწავლებელმა, რომელიც ბაჩა ხანის თავდასხმას ემსხვერპლა, თავდამსხმელებს სიკვდილამდე ცეცხლი გაუხსნა თავისი კუთვნილი იარაღიდან. მთავარმა ორგანიზაციამ, თეჰრიკ-ე-თალიბანმა დაგმო და „არაისლამური“ უწოდა ბაჩა ხანის უნივერსიტეტზე თავდასხმას.

XS
SM
MD
LG