Accessibility links

საქართველოში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საარჩევნო საკითხების განსახილველად


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი შეთანხმდნენ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე. ამის შესახებ შეხვედრის შემდეგ განაცხადეს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ინტერპარტიული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ პრემიერთან შეხვედრას „უაღრესად საქმიანი და მნიშვნელოვანი“ უწოდა. „ჩვენს მიერ დაყენებული თემებიდან გლობალურ ცვლილებაზე, რასაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილება ჰქვია, პრემიერმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ ეს საკითხი განხილვის საგანი კვლავ გახდება მმართველ კოალიციაში და თუ საჭირო გახდება, ამ განხილვის პროცესში, შეიძლება ჩვენი ჩართულობაც კი მოხდეს. მეორე - უახლოეს დღეებში შეიქმნება ფორმატი, რომელიც საარჩევნო გარემოს ყველა პრობლემატურ საკითხს მსჯელობის საგნად გახდის", - განაცხადა "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა. ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნაა გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა და მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდეს უკვე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები. მაჟორიტარული წესის გაუქმებას არც მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგება, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შარშან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებით, მხოლოდ პროპორციული სისტემით არჩევნები 2020 წლიდან ჩატარდება. მამუკა კაციტაძე მოელის, რომ ახალი ფორმატის სამუშაო ჯგუფი უახლოეს დღეებში შეიქმნება და მისი მუშაობის ვადად ერთი თვე განისაზღვრება.

XS
SM
MD
LG