Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდთოვლობის და გრიპის ვირუსის გამო სასწავლო პროცესი 3 დღით შეჩერდა 395 საჯარო სკოლაში


საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ დიდთოვლობის და გრიპის ვირუსის გამო სასწავლო პროცესი 3 დღით შეაჩერა 395 საჯარო სკოლაში. 27 იანვრის მონაცემებით, დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების გამო, სწავლის პროცესი შეჩერებულია აჭარის, გურიის, კახეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების სულ 200 სკოლაში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, სასწავლო პროცესი სამი დღით შეჩერდა სკოლებში, სადაც გრიპის ვირუსის გამო მოსწავლეთა გაცდენის საშუალო რაოდენობა 20%-ს აღემატება. 27 იანვრის მონაცემებით, სწავლის პროცესი შეჩერებულია თბილისის და აჭარის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, კახეთის, შიდა და ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და მცხეთა-მთიანეთის სულ 195 საჯარო სკოლაში. საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იმ სკოლების რაოდენობა, რომლებშიც გრიპის ვირუსის გამო სწავლის პროცესი შეჩერდა, საგანგაშო არ არის. ლია გიგაურის განმარტებით, სამინისტრო განაგრძობს სკოლებიდან მონაცემების მიღებას და მათ საფუძველზე გადაწყვეტს, კიდევ რამდენ სკოლაში იქნება საჭირო სასწავლო პროცესის დროებით შეწყვეტა. მონაცემებს თბილისის სკოლამდელი დაწესებულებებიდან იღებს დედაქალაქის მერიის დაქვემდებარებაში არსებული საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო. მისი განცხადებით, თუ რომელიმე ბაგა-ბაღში ბავშვების საერთო რაოდენობის 20%-ს გადააჭარბებს გრიპის შემთხვევები, პრევენციის მიზნით მინიმუმ სამი დღით შეჩერდება სააღმზრდელო პროცესი. გრიპის ვირუსის გამო 15 თებერვლამდე კარანტინი გამოცხადდა ოკუპირებული აფხაზეთის ბაგა-ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევები ეპიდემიის ზღვარს არ სცდება, თუმცა, პრევენციული ზომების მიღება აუცილებელია.

XS
SM
MD
LG