Accessibility links

logo-print

ხიდაშელი და წულუკიანი განსხვავებულად აფასებენ ჰააგის სასამართლოს განცხადებას


საქართველოს თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრები განსხვავებულად აფასებენ ჰააგის სასამართლოს განცხადებას, რომლითაც პროკურორ ფატუ ბენსუდას მიეცა ნებართვა დაიწყოს გამოძიება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე. თინა ხიდაშელი გაოცებას გამოთქვამს და იმედოვნებს, რომ განცხადება მხოლოდ წინასწარ მოკვლევას ეფუძნება, თეა წულუკიანი კი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები შეესაბამება საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესებს. როგორც იუწყებიან, ხიდაშელი შემდეგი განცხადებით გამოვიდა - „იმედი მაქვს, ეს არის წინასწარი მოკვლევის შედეგებზე დაფუძნებული და ტონალობაც, განწყობაც, სუბიექტებიც და მხარეებიც უკვე გამოძიების დროს შეიცვლებიან და სიმართლე იპოვის თავის გზას ჰააგაში. გუშინდელ განცხადებაში ვნახეთ, რომ საუბარია ორივე მხარის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, ოღონდ ორივე მხარეში იგულისხმება ქართული და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ფორმირებები". იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების ფორმულირებები სამართლებრივად სწორია და შეესაბამება საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესებს. წულუკიანის შეფასებით, გადაწყვეტილებაში არაერთხელაა ნათქვამი, რომ სამხრეთი ოსეთი არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, ის საქართველოს ნაწილია და ჰააგის სასამართლო მხედველობაში იღებს მხოლოდ იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებიც ერთი მხრივ, რუსეთში და მეორე მხრივ, საქართველოში ჩატარდა და არ და ვერ მიიღებს მხედველობაში საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებიც შესაძლოა ჩატარებულიყო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ.

XS
SM
MD
LG