Accessibility links

logo-print

ლავროვი: რუსეთს სურს თურქმენეთთან ურთიერთობის გაღრმავება


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, თურქმენეთში ვიზიტით ყოფნისას განაცხადა, რომ მის ქვეყანას სურს ურთიერთობა გააღრმაოს შუა აზიის ამ სახელმწიფოსთან. რუსეთის მედიის თანახმად, ლავროვმა თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვს უთხრა, რუსეთი მზად არის თურქმენეთთან უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს ტერორიზმთან, ნარკოტიკების ტრეფიკინგთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროებშიო. სააგენტო „ტასის“ თანახმად, აშხაბადში 28 იანვარს გამართული მოლაპარაკების დროს ბერდიმუხამედოვმა თქვა, ორ ქვეყანას შორის სატრანზიტო დერეფნის განვითარებას „დიდი პოტენციალი“ აქვსო. თურქმენეთის ლიდერმა მის ქვეყანაში ვიზიტით მიიწვია რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი. თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს, ლავროვმა თქვა, რუსეთი მზადაა თურქმენეთს დაეხმაროს ავღანეთთან საზღვრის კონტროლშიო, თუმცა დასძინა, რომ აშხაბადს ამ ეტაპზე ასეთი დახმარება არ ესაჭიროება. ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაციის, ჰიუმან რაიტს უოჩის თანახმად, თურქმენეთი, რომელიც ბუნებრივი აირითაა მდიდარი, რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რეპრესიულ სახელმწიფოდ და კატასტროფული მაჩვენებელი აქვს ადამიანის უფლებების სფეროში. ბერდიმუხამედოვი, რომელიც 2012 წელს აირჩიეს კიდევ ერთი ვადით, მისი ნათესავები და ახლობლები ინარჩუნებენ შეუზღუდავ კონტროლს ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროზე.

XS
SM
MD
LG