Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი „იმედგაცრუებულია“ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებაზე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით


რუსეთი "იმედგაცრუებულია" 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც მხარს უჭერს პროკურორ ფატუ ბენსუდას პოზიციას. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ 29 იანვარს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი განმარტებით, რუსეთმა ჰააგაში დაფუძნებულ სასამართლოს გადასცა 30 ტომის მომცველი მასალები, რომლებიც მოწმობს 2008 წელს საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ "სააკაშვილის რეჟიმის მიერ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისა და რუსი მშვიდობისდამცველების მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე". „მაგრამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი სამხრეთელ ოსებსა და მეტიც - რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებს ადანაშაულებს და, ფაქტობრივად, აგრესორის მხარეს მოქმედებით, იწყებს გამოძიებას თავდასხმის მსხვერპლთა მიმართ. ნამდვილად ვერ იტყვი, რომ ასეთი მოქმედება მართლმსაჯულების იდეალებს შეესაბამება. რუსეთის ფედერაცია იმედგაცრუებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით, მხარი დაუჭიროს ბენსუდას პოზიციას“, განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების პრესმდივანმა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატამ ამ კვირაში თანხმობა მისცა პროკურორს, გამოიძიოს 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 28 იანვარს გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც ჰააგის სასამართლოს „ამ გადაწყვეტილების ფორმულირებები არის სამართლებრივად სწორი და არის შესაბამისობაში საქართველოს სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებთან“.

XS
SM
MD
LG