Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი: დაკარგულია ათი ათასამდე ლტოლვილი ბავშვი


ევროკავშირმა კვირას დაადასტურა პრესაში გაჩენილი ცნობები იმის თაობაზე, რომ უკანასკნელი 1,5-2 წლის განმავლობაში დაიკარგა, სულ მცირე, ათი ათასამდე ლტოლვილი ბავშვი, რომელიც ევროპაში უფროსების გარეშე ჩავიდა. ამის შესახებ ფრანს-პრესი იტყობინება ევროკავშირის პოლიციის სამსახურზე, ევროპოლზე დაყრდნობით. როგორც ევროპოლმა განუცხადა ჟურნალისტებს, მარტო იტალიაში უკვალოდ გაქრა ხუთი ათასამდე არასრულწლოვანი ლტოლვილი. საქმე ეხება ბავშვებს, რომლებმაც ოფიციალურად გაიარეს რეგისტრაცია ევროკავშირის ტერიტორიაზე. „ყველა მათგანს არ ემუქრება, რომ გახდეს დანაშაულებრივი დაჯგუფებების სამიზნე. ზოგი ბავშვი, შესაძლოა, ახლა ახლობლებთან იმყოფება. უბრალოდ, არ ვიცით, სადა არიან და რით არიან დაკავებული“, განაცხადა ევროპოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბრაიან დონალდმა. შარშან ევროკავშირის საზღვრები გადაკვეთა მილიონზე მეტმა მიგრანტმა, რომელთა უმრავლესობა სირიიდანაა. ევროპოლის თანახმად, ამ მიგრანტთა 27%-ს შეადგენენ ბავშვები, რომლებიც ევროპაში მოხვდნენ როგორც მშობლებთან ერთად, ისე - უმშობლებოდ.

XS
SM
MD
LG