Accessibility links

ევროპოლი: ათი ათასი მიგრანტი ბავშვი ითვლება დაკარგულად


ევროკავშირის სამართალდამცავი უწყება, ევროპოლი იტყობინება, რომ ათი ათასამდე მიგრანტი ბავშვია უგზო-უკვლოდ დაკარგული ევროპის სახელმწიფო უწყებების მიერ რეგისტრაციის შემდეგ ბოლო ორ წელიწადში. საქმე ეხება ბავშვებს, რომლებმაც ოფიციალურად გაიარეს რეგისტრაცია ევროკავშირის ტერიტორიაზე. „ყველა მათგანს არ ემუქრება, რომ გახდეს დანაშაულებრივი დაჯგუფებების სამიზნე. ზოგი ბავშვი, შესაძლოა, ახლა ახლობლებთან იმყოფება. უბრალოდ, არ ვიცით, სადა არიან და რით არიან დაკავებული“, განაცხადა ევროპოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბრაიან დონალდმა. შარშან ევროკავშირის საზღვრები გადაკვეთა მილიონზე მეტმა მიგრანტმა, რომელთა უმრავლესობა სირიიდანაა. ევროპოლის თანახმად, ამ მიგრანტთა 27%-ს შეადგენენ ბავშვები, რომლებიც ევროპაში მოხვდნენ როგორც მშობლებთან ერთად, ისე - უმშობლებოდ. სულ, 2015 წელს, ევროპაში მშობლების გარეშე ჩამოვიდა 26 ათასი ბავშვი, იტყობინება ბავშვთა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია, „გადაარჩინე ბავშვები“. შიშობენ, რომ მშობლების გარეშე მყოფი ბავშვები უკანონო მოქმედების მსხვერპლი გახდნენ.

XS
SM
MD
LG