Accessibility links

logo-print

მოლდავეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის სახლს ყუმბარა ესროლეს


უცნობმა პირებმა ხელყუმბარა ესროლეს წუხელ მოლდავეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის სახლს. ქვეყნის პროკურატურის თანახმად, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ბანკის ხელმძღვანელი, დორინ დრაგუტანუ და მისი ოჯახის წევრები შინ იმყოფებოდნენ და ეძინათ. დაზიანდა შენობა. გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს. პასუხიმგებლობა მომხდარისთვის არავის უკისრია. დრაგუტანუ გადადგა თანმდებობიდან სექტემბერში და დღეს ბანკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელია, სანამ ახლს აირჩევენ. მან ადრე განაცხადა, რომ ის გამოიყენეს პოლიტიკოსებმა საბანკო სკანდალის დროს, როცა მილიარდი დოლარი გაქრა მოლდავეთის საბანკო სისტემიდან. სკანდალს საზოგადოებრივი მღელვარება მოჰყვა, დაიშალა მთავრობა, მაგრამ არ მოიპოვება მინიშნება, რომ ახლანდელი თავდასხმა კიშინიოვში ამ დღეებში მიმდინარე გამოსვლებთან იყოს კავშირში. პრორუსული პარტიები აცხადებენ, რომ ისინი გააგრძელებენ გამოსვლებს მთავრობის გადადგომის და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით.

XS
SM
MD
LG