Accessibility links

logo-print

ზურაბ ბაქრაძე ბათუმის ბულვარში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ


2 თებერვალს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე, რომელიც ლაპარაკობდა ბათუმის ბულვარის სამივე მწვანე ზოლის შენარჩუნების მნიშვნელობასა და აუცილებელობაზე. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ბულვარის განვითარების კონცეფციაზე მუშაობა 2015 წლის მიწურულს დაიწყო და 16 დეკემბერს სასტუმრო "რედისონში" გაიმართა განვითარების გეგმის პრეზენტაცია. ახალი დოკუმენტი ბულვარის სამომავლო განვითარების პერსპექტივებს, კონკრეტულად კი, ერთიანი ტოპოგრაფიული გეგმის შექმნას გულისხმობს, რომელიც ტერიტორიის ზონებად დაყოფას, ხოლო თითოეული ზონის სტრატეგიულ დაგეგმარებას ითვალისწინებს. პროექტს მალევე მოჰყვა საზოგადოების უკმაყოფილება, გაიმართა აქციები, მომზადდა პეტიცია, რომელსაც ამ დროისთვის ხუთი ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. მოქალაქეები ცდილობენ დაიცვან ბულვარის სამივე მწვანე ზოლი იქ სხვადასხვა ტიპის მასშტაბური შენობების მშენებლობისგან. მოქალაქეთა აქტიურობას მოჰყვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის სიტყვიერი დაპირება, რომ მათი მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება. რა შედეგი მოაქვს მოქალაქეების აქტიურობას საკუთარი საცხოვრებელი გარემოს ავთენტურობის შესანარჩუნებლად, როგორ უნდა დაიგეგმოს ქალაქი ისე, რომ ის კომფორტული იყოს როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე სტუმრებისთვის, რა შედეგები მოჰყვება ერთჯერადი მოგების მიღების მიზნით წამოწყებულ სპონტანურ მშენებლობებს და რამდენად შესაძლებელია მძიმე არქიტექტურული შეცდომების გამოსწორება - სწორედ ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.

XS
SM
MD
LG