Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი კონგრესმენი ილჰამ ალიევს მოუწოდებს, ციხიდან გამოუშვას ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა


ამერიკელი კონგრესმენი ედ როისი აზერბაიჯანის პრეზიდენტს მოუწოდებს, ციხიდან გაათავისუფლოს ჩვენი რადიოს შტატგარეშე თანამშრომელი ხადიჯა ისმაილოვა და დანარჩენი ჟურნალისტები. მათი პატიმრობაში დატოვება, როისის თქმით, ზიანს მიაყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობას. რესპუბლიკელი კონგრესმენი ედ როისი, რომელიც წარმომადგენელთა პალატაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ხელმძღვანელობს, ალიევისათვის 28 იანვარს გაგზავნილ წერილში აღნიშნავს ასევე, რომ ორმხრივ ურთიერთობაზე უარყოფითად მოქმედებს რადიო თავისუფლების ბაქოს ბიუროს დახურვაც. ხადიჯა ისმაილოვას 2015 წლის სექტემბერში 7,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, რასაც ბევრი მიიჩნევს ანგარიშსწორებად რეპორტაჟებისათვის, რომლებშიც ჟურნალისტი ამხელდა კორუფციას აზერბაიჯანის მმართველ წრეებში. ისმაილოვას დაპატიმრებას გმობენ დასავლელი ოფიციალური პირები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები. 2014 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის პროკურატურის წარმომადგენლები შეიჭრნენ რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ბაქოს ბიუროში, თან წაიღეს კომპიუტერები და ბიურო დალუქეს. რადიო თავისუფლებამ მაისში დახურა ბაქოს ბიუროს, რომელიც ჯერ კიდევ დალუქული იყო. აზერბაიჯანულ ენაზე მაუწყებლობა რადიო თავისუფლება-რადიო თავისუფალი ევროპის შტაბბინიდან გრძელდება.

XS
SM
MD
LG