Accessibility links

logo-print

ტელეკომპანია "მაესტრო" ჩვეული რეჟიმით განაგრძობს მაუწყებლობას


დღეიდან ტელეკომპანია "მაესტროს" შენობის დაცვა დაიწყეს კომპანია "მაგისტრის" თანამშრომლებმა. ისინი შენობაში შესვლის უფლებას აძლევენ მხოლოდ იმ პირებს, რომლებზეც საშვს გასცემს ტელეკომპანიის ჯერჯერობით ოფიციალურად რეგისტრირებული დირექტორი ბაია გადაბაძე. ის „მაესტროს“ პარტნიორთა კრებამ თანამდებობიდან 4 თებერვალს დაითხოვა და გენერალური დირექტორის მოვალეობის შესრულება დაავალა ლევან გაჩეჩილაძეს, თუმცა საჯარო რეესტრში კრების ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად ჯერ არ ასახულა. "ახალი დაცვის სამსახური ალბათ, ბაია გადაბაძემ დაიქირავა, რადგან შენობის განმკარგავი დღეს ის არის“, - განაცხადა "მაესტროს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ილია კიკაბიძემ. თავად ტელეკომპანია მაუწყებლობას ჩვეული რეჟიმით განაგრძობს. დღესვე „მაესტროს“ 55%-იანი წილის მფლობელის, გიორგი გაჩეჩილაძის ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორად ოფიციალურად, მომავალ კვირაში დარეგისტრირდება.

XS
SM
MD
LG