Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო: რუსეთის საჰაერო იერიშები „ძირს უთხრის“ სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებებს


ნატოს შეფასებით, რუსეთის მიერ სირიაში წარმოებული საჰაერო იერიშები „ძირს უთხრის“ გაეროს შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებას, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური გადაწყვეტა გამოინახოს თითქმის ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტში. „რუსეთის ინტენსიური საჰაერო იერიშები, რომელთა ძირითადი სამიზნე სირიაში მოქმედი ოპოზიციური ჯგუფებია, ძირს უთხრის მცდელობებს მოიძებნოს კონფლიქტის გადაჭრის პოლიტიკური გზა“ - უთხრა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს 5 თებერვალს ამსტერდამში, როცა ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ჩავიდა. „რუსეთის გაძლიერებული წარმომადგენლობა, სირიაში საჰაერო ქმედებები ასევე იწვევს დაძაბულობის ზრდას და თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას. ... ნატოს საჰაერო სივრცის დარღვევას“ - დასძინა მან და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი საფრთხეს ქმნის. ჟენევაში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები ამ კვირაში ჩაიშალა, იმ ფონზე, როცა რუსეთის საჰაერო თავდასხმებით მხარდაჭერილმა სირიის სამთავრობო ძალებმა ახალი შეტევა წამოიწყეს მეამბოხეთა წინააღმდეგ ჩრდილოეთის ქალაქ ალეპოში. სირიის არმიამ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია ალეპოს გარშემო მეამბოხეთა წინააღმდეგ და ამჟამად საკუთრივ ქალაქისკენ მიიწევს.

XS
SM
MD
LG