Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერის განცხადებით, მას გიორგი გაჩეჩილაძესთან არ უსაუბრია "მაესტროს" თაობაზე


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს კვლავ განაცხადა, რომ „მაესტროს“ ერთ-ერთ მეწილესთან, გიორგი გაჩეჩილაძესთან ამასწინანდელი შეხვედრისას ტელეკომპანიის თაობაზე არ უსაუბრიათ. გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ არასამუშაო დროს, ღამის 11 საათზე გამართული შეხვედრისას საუბარი იყო გიორგი გაჩეჩილაძის ერთ-ერთ მეგობარზე, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს ჰქონდა გარკვეული პრობლემები. „მე არავისთან არაფერი დასამალი არ მაქვს, საერთოდ, არ მახასიათებს ტყუილი და მაქვს აუტანლობა ტყუილის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, პრინციპულად არ შეხვდა „მაესტროს“ მეორე მხარეს, რადგან ამ შემთხვევაში, ეს ჩაითვლებოდა შეხვედრად კონფლიქტის ერთ-ერთ მხარესთან. „იმასაც ვიტყვი აბსოლუტურად გულახდილად და გულწრფელად, რომ საერთოდ არ ვიცოდი, რომ „მაესტროში“ ეს სიტუაცია ხდებოდა. რომ მცოდნოდა, ალბათ, ცოტა სხვანაირად მოვიქცეოდი და შეიძლება, თავი შემეკავებინა შეხვედრისგან რომ არ გამომეწვია ამხელა სპეკულაცია და მითქმა-მოთქმა. ამაზე მეტი სიმართლე რა გითხრათ, არ ვიცი“, - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG