Accessibility links

logo-print

ბაია გადაბაძე: რუხაძე "მაესტროს" ხელში ჩასაგდებად არხის ერთ-ერთ მეწილეს 2015 წელს დაუკავშირდა


ტელეკომპანია „იმედის" ფაქტობრივი მმართველი ირაკლი რუხაძე "მაესტროს" ხელში ჩასაგდებად არხის ერთ-ერთ მეწილეს მაკა ასათიანს და მის მეუღლეს კოტე გოგელიას ჯერ კიდევ 2015 წლის მაისში დაუკავშირდა - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა "მაესტროს" პარტნიორთა კრების მიერ არხის დირექტორის თანამდებობიდან გასულ კვირაში დათხოვნილმა ბაია გადაბაძემ. მან ჟურნალისტებს წარუდგინა მიმოწერა, რომლის თანახმად, ბაია გადაბაძის თქმით, ირაკლი რუხაძე მაკა ასათიანს სთავაზობდა გარიგებას და იხდიდა 7,5 მილიონ დოლარს. „კერძოდ, მას აინტერესებდა არა კომპანიის წილები, არამედ ბრენდი "მაესტრო," ასევე ლიცენზიები და სიხშირეები. ის თანხას იხდიდა შინაარსში და არა მატერიალურ ღირებულებებში", - განაცხადა ბაია გადაბაძემ. მისივე ინფორმაციით, არაერთი შეთავაზების მიუხედავად, გარიგება არ შედგა, რადგან მაკა ასათიანმა პარტნიორების ინტერესები გაითვალისწინა და სწორედ ამის შემდეგ გამოიყენა ირაკლი რუხაძემ „მაესტროში“ გიორგი გაჩეჩილაძის 35%-იანი წილი. ბაია გადაბაძის ცნობითვე, 2016 წლის 15 იანვარს "მაესტროს" დღეს უკვე ყოფილმა პარტნიორებმა ლევან ჩიკვაიძემ და გიორგი ებრალიძემ დანარჩენ პარტნიორებს წერილობით აცნობეს, რომ თავისი წილის გაყიდვას აპირებდნენ და შესთავაზეს, რომ სამ დღეში ეყიდათ ორ-ნახევარ მილიონად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი წილს მესამე პირზე გაასხვისებდნენ. გადაბაძის შეფასებით, სინამდვილეში განზრახვა იყო, რომ ჩიკვაიძის და ებრალიძის წილი გაჩეჩილაძეს შეესყიდა, თანხის რეალურად გადამხდელი კი რუხაძე იქნებოდა. თებერვლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია „მაესტროს“ 55%-იანი წილის მფლობელი გახდა არხის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი გაჩეჩილაძე. მისი ძმა, ლევან გაჩეჩილაძე, პარტნიორთა კრებამ არხის დირექტორად გასულ კვირაში დანიშნა. გაჩეჩილაძეებმა დაადასტურეს, რომ წილის შესაძენად თანხა ირაკლი რუხაძისგან ისესხეს.

XS
SM
MD
LG